25 ნოემბერი, 2014
„ძალა არ გაძლევს უფლებას“ ამ გზავნილით პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე აქცია-პერფორმანსით აღნიშნა. აქციაში მანანა კობახიძე, ეკა ბესელია და კახა კოხრეიძე ჩაერთნენ. სიმბოლურად „გაეროს“ ოფისთან, მრგვალ ბაღში, შეკრებილებმა სპეციალურ ბანერზე ხელის ანაბეჭდი დატოვეს.
„იქნება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც სახელმწიფო განახორციელებს იმისთვის, რომ არცერთი ძალადობის მსხვერპლი ქალბატონი არ გვყავდეს” - განაცხადა ეკა ბესელიამ.
„ყველა პოლიტიკოსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იყოს აქტიურად ჩართული ამ კამპანიაში. არა კონკრეტულ დღეებთან დაკავშირებით, ყოველდღიურად. ჩვენი საქმიანობა უნდა იყოს მიმართული იქით რომ საზოგადოებაში ძალადობა იყოს აღმოფხვრილი” - განაცხადა მანანა კობახიძემ.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები მოგვიანებით პარლამენტთან „ქალთა მოძრაობის“ ორგანიზებულ აქციას შეუერთდნენ.
„ძალა არ ნიშნავს უფლებას, იძალადო. ამიტომ ყველას, ვისაც ოდესმე უძალადია ქალზე მივმართავ, რომ ეს მათი უძლურების დადასტურებაა. ამიტომ დაფიქრდნენ ყოველთვის, როდესაც სურთ ან ახორციელებენ ძალადობას“-განაცხადა თამარ კორძაიამ, რომელიც პარლამენტთან შეკრებილებს შეუერთდა. პარლამენტთან კახა კოხრეიძე და მანანა კობახიძეც იმყოფებოდნენ.
„ძალა არ გაძლევს უფლებას“ - ამ გზავნილით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით აქტივობას მომავალშიც გეგმავს.